“ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა”- ლევან ჩხაიძე

ნუგზარ ბაგრატიონი ბაგრატიონი არ არის, ის არის სიხარულიძე და გვარს იბრალებს, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის დნმ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის, სინამდვილეში სიხარულიძეა.

“ოფიციალური მონაცემები ჩემთვის არ მოუციათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროსგან ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს. აი, ახლა წავიდნენ და მიჩივლონ. თუ არ არის სიხარულიძე, მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა”,- განაცხადა უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან.

მანვე, გამოცემა “დეილი მეილთან” დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის უკიდურესად მარგინალური და არასანდო გაზეთი, სტატია კი გრუზინსკების მიერ იყო შეკვეთილი.

„რაც შეეხება „დეილი მეილს”, მინდა საზოგადოებას და ჟურნალისტებსაც მოგიწოდოთ ინფორმაცია, რომ როცა “დეილი მეილს” იყენებთ წყაროდ, უნდა ვნახოთ რა გაზეთთან გვაქვს საქმე.

ეს არის უკიდურესად მარგინალური და არასანდო გაზეთი. ეს გაზეთი თანამშრომლობს გრუზინსკებთან და ეს იყო გრუზინსკების მიერ შეკვეთილი სტატია, რათა დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის ჩრდილი მიეყენებინათ”, – განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ არის ბაგრატიონთა ძირითადი შტოს წარმომადგენელი. აღნიშნულის შესახებ ისტორიკოსმა ჟურნალისტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის მიმდინარეობის დროს განუცხადა.

ისტორიკოსის თქმით, ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონთა ოჯახის გვერდითი შტოს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ქვეყნის ისტორიაში თავიანთი დამსახურება აქვთ, ბაგრატიონ-გრუზინსკები კი, ბაგრატიონთა შტოს პირდაპირი წარმომადგენლები არიან.

„დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ალბათ არ იცის საიდან მოუაროს და დააყენოს ეჭვქვეშ მათი წარმომავლობა, იმიტომ, რომ თვითონ ნამდვილად არ არის ამ ძირითადი ხაზის წარმომადგენელი. დავის დაწყების მიზანი კონკრეტულად რა არის, არ ვიცი. ალბათ, უნდა, რომ ნამდვილად აღიარონ ბაგრატოვანთა სახლის წინამძღოლად”, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს, ბაგრატიონების სახელით, უკანონოდ არიგებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი, ყოფილი მეუღლის ოჯახს, თავიანთი წარმომავლობის დასამტკიცებლად, დნმ-ის ტესტის ჩატარებას სთხოვს.

მსგავსი თემები