“დიდი ალბათობით, კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის” – ამირან გამყრელიძე

„დიდი ალბათობით, კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის, ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაძლევას შევძლებთ“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით სტაბილურია იმ სამი ადამიანის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ისინი კვლავ დაკვირვებას საჭიროებენ.

„მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი. მათ დღეს გადაუმეორდათ ლაბორატორიული კვლევა და ჯერჯერობით დადებითია კვლევა. ანუ ჯერ ისინი საჭიროებენ დაკვირვებას. ეპიდემიის საშიშროების შესახებ ვერ გეტყვით, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს. თუმცა შემთხვევების მატება გვექნება დიდი ალბათობით. პანიკის საფუძველი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაძლევას შევძლებთ. რეკომენდაცია რჩება იგივე, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, თავი შევიკავოთ საერთაშორისო მგზავრობისგან. თუ აუცილებლობაა და უნდა წავიდეთ, აუცილებელია რომ 2 კვირა ვიყოთ დაკვირვების ქვეშ, უნდა გავატაროთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში და მივმართოთ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოს“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა.

მსგავსი თემები