დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა  დაწესებულებაში დღეს, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, იმსჯელებენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ 27 თებერვალს მიიღო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან მოსამართლეს მონა უწოდა.

„ეს მიზანმიმართულია. გუშინ ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ საერთოდ პროცესი ჰქონდა. თქვენ არ გსურთ მედიამ ნახოს, რა დღეში ჩააგდო ხელისუფლებამ ჩემი ძმა. თქვენ მსახურობდით საპატრიარქოში და თქვენ ხართ მონა“, – განაცხადა მამალაძემ, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღნიშნული ფაქტი მოსამართლემ შეურაცხყოფად შეაფასა და აღნიშნა, რომ სხდომის საჯაროდ ჩატარების სურვილი ჰქონდა.

„ეს არის შეურაცხყოფა, უპატივცემლობა სასამართლოს მიმართ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა სხდომა საჯარო ყოფილიყო და ეს შეურაცხყოფა არ მომესმინა. საქმის განხილვა ნაცვლად სასამართლო სხდომის დარბაზისა, ჩატარდება მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“- განაცხადა მსხილაძემ.

დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე არ გამორიცხავს, რომ დღესვე მოხერხდეს სასამართლოს გადავადება, რადგან მისი განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ყველაფერი ადასტურებს:

„შესაძლებელია დღეს მოესწროს გადავადება, თუმცა ტექნიკურად რამდენად მოხერხდება არ ვიცი, ზოგადად ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩემი ძმა ავადაა, თუ სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტური იქნება ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“ – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ „მედიაცენტრ მთავართან“

მსგავსი თემები