“დაპირება, რომელიც მოსახლეობას 2012 წელს მივეცით, პირნათლად უნდა შევასრულოთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ბუნებრივია, ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია. მით უმეტეს, ის ადამიანები გამიგებენ, ვინც ერთხელ უკვე იყვნენ პოლიტიკაში და გამოსცადეს მთელი ის თავისებურება, რომელიც ახლავს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს და ზოგადად, ამ პროცესებს“ – ასეთი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

პარტიის პოლიტიკური მდივნის შეფასებით, პარტიაში დაგროვდა პრობლემები, რის გამოც, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მასაც მობრუნება მოუწია. „ბუნებრივია, მე ვღელავდი, ვინაიდან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა და რის გამოც, ის დაბრუნდა პოლიტიკაში. მეც, პრინციპში, შემიძლია ვთქვა იგივე – ეს არის ის პრობლემები და ის მიზეზები, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში. ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც ჩვენი დამფუძნებლების, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების და ჩვენი თანაპარტიელების, პირველი თაობის ასე ვთქვათ, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, პარტიაში ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, მას პოლიტიკაში დაბრუნება არც მოუწევდა: „უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანებაა საჭირო. ყველაფერი კარგად რომ წარმართულიყო და წასულიყო, ალბათ ბიძინა ივანიშვილი არ დაბრუნდებოდა, მაღალი ალბათობით. ასევე მეც. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქართული ოცნება, ვიდრე იყო 2012 წელს. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს აქვს და ყველა ერთხმად ვიზიარებთ ამ გეგმას. ყველა დაპირება, რომელიც მოსახლეობას მივეცით, პირნათლად უნდა შევასრულოთ და ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. ამის გაკეთება არასოდეს არ არის გვიანი“.

მსგავსი თემები