„ძველი გვარდია“ ისევ გამოძახებულია – ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი ამოცანა

„ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ, ველზე არ უნდა მიატოვო“ – ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ე.წ. ძველ გვარდიელებზე, რომლებიც პარტიისთვის ისევ ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აცხადებს, მისი მთავარი ამოცანა ყველას კონსოლიდაცია და 2020 წლის არჩევნებისთვის გაძლიერებაა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მაქსიმალური მობილიზება ამომრჩევლის, ჩვენი პარტიული აქტივის. სრული გაერთიანება და კონსოლიდაცია ჩვენი ხალხის, ძველების, ახლების, ახლების გარდა, კიდევ უფრო ახლების. პარტიის თავმჯდომარის და ჩვენი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალური გააქტიურება მოხდეს პარტიის, ამ პროცესში ჩემი როლი იქნება ერთ-ერთი გამოკვეთილი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეცდომებზეც საუბრობს, რაც გუნდმა დაუშვა და ამბობს, რომ ამ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია: „ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა, იყო ის, რომ, ბოლო 3 წელიწადში ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩევლის და თავგანწირულ – თავდადებული ადამიანის განაწყენება მოხდა. ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. მაგრამ, ყველაფერი გამოსწორებადია. ჩვენი ამისი ხედვაც გვაქვს, გამოცდილებაც და რესურსიც. გულწრფელად გეუბნებით, რომ შეცდომები დავუშვით. ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ გაეწირათ საკუთარი თავი, ეს ადამიანები არ უნდა მიატოვო ველზე. ჩემი ერთ-ერთი დაბრუნების მიზეზიც ის არის, მოხდეს ამ ყველაფრისთვის ახალი ენერგიის შთაბერვა და გაძლიერება, რომ ერთიანად და ძლიერად წარვდგეთ 2020 წლის არჩევნებში. ამ რესურსის გამოყენება იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენ არცერთი დასაკარგი ადამიანი არ გვყავს“.

მსგავსი თემები