ჯანდაცვის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს  მხარი დაუჭირა

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, გათვალისწინებულ იქნა პირველი მოსმენით განხილვის დროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები.

მისი განმარტებით, განხორციელებული ცვლილებები სისტემის ადმინისტრირების წესის დადგენას, საინვესტიციო საბჭოს წევრების გათავისუფლების წესს, ასევე, აფილირებული პირის განსაზღვრას ეხება. მინისტრის მოადგილის თქმით, დაკონკრეტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და აღმოიფხვრა სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზიც.

„მნიშვნელოვანი ცვლილება ეს არის 29-ე მუხლის დამატება კანონში, რომლის მიხედვითაც საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართულ მონაწილეს ეძლევა საშუალება, თავად აირჩიოს აქტივების მმართველი კომპანია“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს შენიშვნები და მოსაზრებებიც, რომლებიც საპენსიო აქტივების მართვას, ვადას, საინვესტიციო საბჭოსა და საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიას ეხებოდა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება.

დღესვე, იმსჯელეს თანმდევი კანონპროექტების შესახებაც, რომლებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები