პრემიერის შეფასებით, სვანეთში სტიქიის პროვოცირებას ტყის ჩეხვამ შეუწყო ხელი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე სვანეთში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებას აკეთებს. მისი მოსაზრებით, მიმდინარე პროცესებს ტყის უსისტემო ჭრამ შეუწყო ხელი, ამდენად ტყის უსისტემო ჭრა მისახედია.

„სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექის მოსვლამ. მისგან დაზღვეული არავინაა“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა შეფასება მესტიაში მიმდინარე  ჰესის მშენებლობაზეც გააკეთა და აღნიშნა რომ საკითხი გადასახედია: „ჯერ უნდა დაიდოს დასკვნა, რომელიც გამოაჩენს, რას უკავშირდება მომხდარი. გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის მიხედვით მივიღებთ“.

მამუკა ბახტაძემ სწრაფი შეტყობინების სისტემების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მუშაობდეს.

ექსპერტები სწრაფი შეტყობინების სისტემების საჭიროებაზე წლებია საუბრობენ, თუმცა, აღნიშნული საკითხი ამ დრომდე ვერ გადაწყდა. პრემიერ მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სისტემების დამონტაჟება მომავალი წლიდან დაიწყება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები