გამოკითხულთა 70% სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა

გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობით უკმაყოფილოა და მას უარყოფითადა აფასებს. აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) კვლევის საფუძველზე ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფით განწყობას გამოკითხულთა 70% ამჟღავნებს. 23%  კი  პრეზიდენტს დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 7% ამბობს რომ არ იცის როგორ შეაფასოს პრეზიდენტი ან პასუხისგან თავს იკავებს.

კვლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ეხება, კერძოდ, გამოკითხულთა 39% მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49% კი – უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2% აცხადებს,  რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10%-მა კი არ იცის, როგორ შეაფასოს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მას უარყოფით შეფასებას აძლევს. პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხულთა 50%-ს არ მოსწონს, 25% კი მის მიმართ კეთილგანწყობილია. 10% ამბობს, რომ მის შესახებ არ სმენია, 15%  შეფასებისგან თავს იკავებს.

კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში.

მსგავსი თემები