მესტიაში ხანძარს 140-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის

მესტიაში, სოფელ ეცერის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე დამატებით 90 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

“ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა,” – აცხადებენ სააგენტოში

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი.

მეხანძრეებმა მუშაობა ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის გამო გუშინ ღამით შეწყვიტეს და დილის 7 საათიდან განაახლეს.

რაც შეეხება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის შესაძლებლობას, როგორც გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ.

ხანძარი სოფელ ეცერში, ტყეში ორი დღის წინ გაჩნდა. 

მსგავსი თემები