აშშ საქართველოს 100 ათასი ლარის პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას და 2 ათას ერთეულ სწრაფ ტესტებს გადასცემს

“ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 100 ათასი ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენას და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საელჩო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ელჩის თქმით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 ათას ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტებს, რომელთაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია.

„ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახანს გამოაცხადა 1,1 მლნ დოლარის ოდენობით, საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად. ახალი დახმარების პროგრამა ხელს უწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას. ასევე, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას. პროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს, საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას. ასევე, საგანგებო ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. საგულდაგულოდ შედგენილი დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, შეავსოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს მთავრობა, მოქალაქეების, ჯანდაცვის მუშაკები და დონორები ასრულებენ. საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც.

საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს, 100 ათასი ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენას და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან. ეს კი ორმაგად მომგებიანია.

ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 ათას ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. და რა თქმა უნდა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებენ მნიშვნელოვან სამუშაოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში“, – აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები