„ქობულია ჩვეულებრივი მოქალაქეა, დეპუტატები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ გადამდგარი ეკონომიკის მინისტრის მოსმენას არ აპირებენ. მართალია, გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში გამოსვლისთვის ემზადება, თუმცა, დიდი ალბათობით, მას აუდიტორია არ ეყოლება. მის მოსმენას და კითხვების დასმას მხოლოდ ოპოზიცია გეგმავს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ყოფილი მინისტრი, ამ შემთხვევაში, პარლამენტში მიდის როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე და მისი მოსმენა დეპუტატებს დააინტერესებთ თუ არა, ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.

გურამ მაჭარაშვილი: „რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ფორმატი, რაც გაწერილია პარლამენტის რეგლამენტში, როცა მინისტრები მოდიან პარლამენტში და მათი მოსმენა ხდება. რეგლამენტი ითვალისწინებს მოქმედი თანამდებობის პირების მოწვევას, რომელთაც აკისრიათ პასუხისმგებლობა. ის არის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც რამდენიმე დღის უკან გარკვეული პოზიცია ეკავა. მის მოწვევას რაც შეეხება, პარლამენტარს შეუძლია არა მხოლოდ მოქმედი მინისტრი არამედ, უფრო დაბალი რანგის, ადამიანი მოიწვიოს, ჩვეულებრივი რიგირთი ადამიანებიც კი. რაც შეეხება ყოფილი მინისტრის გამოსვლას, დასწრება-არდასწრებასთან დაკავშირებით მოქმედებს თავისუფალი რეჟიმი. ყველა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს რას იზამს“.

რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიმართ ინტერესს და გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სავარაუდოდ, ინტერესი იქნება რატომ წავიდა ეს ადამიანი. მისი ინტერესი კი იქნება, ახსნას, რატომ დატოვა თანამდებობა. რასაც იტყვის, შეფასებები, შესაბამისად გაკეთდება“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილმა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ამ პოზიციაზე 8 თვე იმუშავა. მის საქართველოში დასაბრუნებლად კი პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს დიდხანს აწარმოებდა.



მსგავსი თემები