„ბავშვი უნდა იყიდებოდეს, კონსერვატიული ფასი 5 000 ლარი, ვინც ასე არ ფიქრობს, მკვლელია“, – იაგო ხვიჩია

„იმ მშობლებს, ვისაც შვილი არ უნდა, არც უნდა დაუტოვო. გიჟ მშობლებს ბავშვი უნდა მოვაშოროთ “ – პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია ბავშვის გაყიდვის ინიციატივით გამოდის.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თუ ბავშვის გაყიდვა დაკანონებული იქნება, მშობლები შვილებს არც ნაგავსაყრელზე დატოვებენ და არც სხვაგან მიაგდებენ. როგორც ხვიჩია აცხადებს, ამ საკითხის გადაჭრით არაერთი ურთულესი პრობლემა მოგვარდება.

„თუ დედები შვილებს გაყიდიან, მთელი რიგი პრობლემები მოგვარდება. ბავშვის გაყიდვა არანაირად ნიშნავს ადამიანით ვაჭრობას. მშობლის უფლების გასხვისება ადამიანით ვაჭრობა არ არის. სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილი და უნდათ, რომ ჰყავდეთ. მეც ამ რიგ მივეკუთვნები და ვაპირებ შვილის აყვანას. პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ შვილი გაასხვისონ. თუ ჩვენ ვართ მორალთან ახლოს ვართ, ზუსტად ვხვდებით, რომ ვისაც შვილი არ უნდა, იმ დედას და მამას შვილი არ უნდა დაუტოვო“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ყველაზე ამორალური, რაც ქვეყანაზე ხდება, ბავშვის სიცოცხლის მოსპობაა და არა მომავალში, მისი გაყიდვა.

„ყველანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვმსჯელობდეთ. ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სანაგვეში ტოვებენ შვილებს, იკეთებენ აბორტებს, კლავენ შვილებს. ამის სანაცვლოდ, მათ უფლება რომ ჰქონდეთ, შვილი სხვა ადამიანს მიჰყიდონ და ამით ფული იშოვონ, ბავშვიც გადარჩებოდა. შეიძლება ვთქვათ, რომ ფულის აღება ამორალურია, მაგრამ ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება დედამიწის ზურგზე არსებობდეს, ბავშვის სიცოცხლის მოსპობაა“.

თუ ბავშვის გაყიდვა არ შეიძლება, სუროგაცია სხვა რა არის – კითხულობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და ასკვნის, რომ ის ადამიანები, ვინც ბავშვის გაყიდვას ეწინააღმდეგებიან, გაუაზრებლად მოქმედებენ.

„თუ სუროგაცია მოსულა, მაშინ, რასაც ვამბობ, რატომ არ მოსულა? ქალი არ ვარ და შეიძლება წარმოადგენა მიჭირს ამ თვალსაზრისით, მაგრამ სუროგატმა დედამ შვილი 9 თვე მუცლით ატაროს და მერე ბავშვი ვიღაცას გადასცეს, ეს ბავშვის გაყიდვისგან რითი განსხვავდება? ბავშვი უნდა იყიდებოდეს, შეიძლება ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ბავშვის გასხვისებას არ ემხრობიან, გაუაზრებლად თუ გააზრებულად, მხარს უჭერენ ბავშვის სიკვდილს. ისინი მკვლელები არიან“, – განუცხადა ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება გასაყიდი ბავშვის ფასს, როგორც ხვიჩიამ გვითხრა, დაახლოებით 5 000 ლარი უნდა იყოს.

„ფული მეტი სტიმულია იმისთვის, რომ ჩვილები ნაგავსაყრელზე არ მიატოვონ. რამდენით შეამცირებდა ქუჩაში ბავშვების დატოვებას და აბორტებს ის, რომ პოტენციურმა დედამ იცოდეს, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, მას გაყიდის, სიტყვაზე, ყველაზე კონსერვატიულ ფასად – 5 000 ლარად. ამ 5 000 ლარის სტიმული გადაარჩენს იმ ბავშვს. არადა, ბავშვები რჩებიან გიჟი მშობლების იმედად“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„მთავარის“ კითხვას – თავად თუ იყიდდით ბავშვს, იაგო ხვიაჩიამ თანხმობით უპასუხა: „კი, რა თქმა უნდა, ვიყიდდი. ბავშვები გიჟი მშობლებისგან უნდა გადავარჩინოთ“. როგორც რესპოდენტმა გვითხრა, ამ ინიციატივის პარლამენტში შეტანას აზრი არ აქვს, რადგან, ჯერ საზოგადოების მომზადებაა საჭირო. „ძალიან ბევრ ადამიანს ვატკინე, თუმცა, ტკენა აუცილებელია იმისთვის, რომ საკითხს სხვანაირად შევხედოთ“, – უთხრა ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები