„დედა ენის“ დაბრუნება მნიშვნელოვანია, 10-თეთრიანი წიგნი ძლიერ მოსწავლეს ვერ გაზრდის – სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნება, რაც ინიციატორთა მხრიდან დიდ გამბედაობას საჭიროებდა.

დეპუტატი პლენარულ სხდომაზე მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებზე და სახელმძღვანელოების პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ მდარე ხარისხისაა, გასაუქმებელია სახელმძღვანელოების შეწონვისა და ხარისხის ფორმულა, რადგან იგი სათანადო შედეგებს არ იძლევა.

მისი თქმით, ძლიერ მოსწავლეებს 10-თეთრიანი სახელმძღვანელოები, დაბალხელფასიანი და უუფლებო მასწავლებლები ვერ გაზრდიან.

მისივე განცხადებით, გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს საბაზო მე-10 კლასში და გამოცდები უნდა აღდგეს მე-11 – მე-12 კლასებშიც, მხოლოდ გამოცდები უნდა ჩაატარონ მასწავლებლებმა და მათ ის ცოდნა უნდა შეაფასონ, რომელიც მოსწავლემ შეიძინა.

უნარების გამოცდას რაც შეეხება, სიმონ ნოზაძის აზრით, მისი გაუქმება გამართლებულია: ” ზოგადი განათლების რეფორმა, ახალი სკოლის მოდელი ძალიან საინტერესოა – იგი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ინიციატივის გამოვლენას, სწრაფად ცვლად გარემოში ადაპტირებას და ა. შ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სიახლეებია მასწავლებელთა განვითარებასა და შეფასებაშიც, კარგია კრედიტ ქულების და თვითშეფასების სისტემის გაუქმება და კარგია, რომ მასწავლებელთა შეფასება მოხდება კომპლექსურად,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.   

​დაპუტატმა პედაგოგიური სასწავლებლების პრობლემაზეც ისაუბრა და  აღნიშნა, რომ პედაგოგიური სასწავლებლების არარსებობა დიდი დანაკლისია.

„იქნებ თბილისში ან ქუთაისში აღდგეს პედაგოგიური სასწავლებელი, რომლის ბაზაზე გაიზრდებიან ახალი პედაგოგიური კადრები, მოხდება პედაგოგთა გადამზადება, გაიშლება პედაგოგიური სამეცნიერო საქმიანობა, შენარჩუნდება პედაგოგიური მემკვიდრეობა. ქართული პედაგოგიური სააზროვნებო მემკვიდრეობა არ უნდა დაიკარგოს“, – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

სიმონ ნოზაძემ განათლების მინისტრს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყნის ისტორიაში რეფორმატორ მინისტრად დარჩება.  

” თქვენ აუცილებლად დარჩებით რეფორმატორ მინისტრად. ამასთანავე, ძალიან კარგი იქნება, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და ქართველი თეორეტიკოსების გამოცდილებას თუ  გაითვალისწინებთ”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ. 

მსგავსი თემები