“სამწუხაროდ, დმანისში პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან… მოთმენა რთულია” – შალვა პაპუაშვილი

  •  

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილის დმანისის რაიონის სოფელ განთიადში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” არეულობის გამოწვევას ცდილობს და ამ მიზნით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მმართველი გუნდის მხარდამჭერების პროვოცირება.

შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

“მინდა, გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა.

სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე, “ნაციონალური მოძრაობა” ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები