“მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ” – დავით ზალკალიანი

ეკონომიკას ძალიან პოზიური დინამიკა აქვს, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავითა ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, აბსოლუტურად გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლების განმარტება ამ საკითხზე და ეს არ უნდა წარმოჩინდეს ისე, თითქოს საქართველომ ამით ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს გადაუხვია.

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავმიჯნო ამ დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კომპონენტი. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და მთავრობამ, ძალიან მკაფიო იყო. ამას მეტყველებს ასევე ევროკავშირის გუშინდელი განცხადება, სადაც ფინანსურ და ეკონომიკურ ნაწილთან შეფასებებში ევროკავშირის პოზიცია გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ეს არის ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გუშინ ევროკავშირმა გაავრცელა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის 150 მილიონიანი მიკროსაფინანსო ტრანში, სესხი, რომელსაც თავიდანვე გარკვეული პირობითობა ჰქონდა ჩადებული და უნდა ძალიან კარგად დავინახოთ პერიოდი, რა პერიოდში იყო ეს სესხი აღებული. ეს იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის განსაკუთრებით მძიმე პირობებში, საქართველოს სჭირდებოდა კოვიდთან ბრძოლის კუთხით ფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან და მაშინ გაფორმდა ეს შეთანხმება. ამ შეთანხმებაში მაშინ გარკვეული პირობითობა იყო ჩადებული, რაც დაკავშირებული იყო იგივე მართლმსაჯულების სისტემასთან და მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებთან. დღევანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია. არაერთხელ იყო განმარტება გაკეთებული როგორც პრემიერის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია. ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიური დინამიკა, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა. ვფიქრობ, არგუმენტები გასაგები იყო. მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი, გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მსგავსი თემები