“ვფიქრობთ, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა მოგვიხდეს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში უკვე განთავსდა ცხრა პაციენტი.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღომის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად დროებითი დაყოვნებისთვის არის, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ, სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადამისამართება. ვფიქრობთ, ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, სადაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო პირობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები