მთავრობის ადმინისტრაციაში USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

  •  

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რევაზ ჯაველიძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა ინფორმაციული, გაცნობითი ხასიათის იყო. USAID-ის დამსაქმებლების პროფესიული განათლებისთვის, პროგრამის ხელმძღვანელმა როზა ჩიაპემ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს იმ პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განხორციელებაც USAID საქართველოს რეგიონებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროექტ „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ გეგმავს. პროექტის ბიუჯეტი მილიონი აშშ დოლარია. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ქალები, ახალგაზრდები და ეთნიკური უმცირესობა.

„ძალიან დიდი როლი აქვს USAID-ის პროგრამებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ახალი პროექტის მიზანი რეგიონებში მოსახლეობის გაძლიერებაა, რაც მნიშვნელოვანია. USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, როგორც პროექტის წარმომადგენლები ამბობენ, 4 800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3 840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს; 30 ბიზნესი დაამყარებს გრძელვადიან პარტნიორობას ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან; თანადაფინანსების გზით $6.99 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოხდება კერძო და საჯარო სექტორებიდან; გადამზადებულთა 35% იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობები, ხოლო, სულ მცირე, 45%-ს – ქალები,”-განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

მხარეები შეხვედრის დროს სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ USAID-ის წარმომადგენლებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებთან და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციაში დახმარება აღუთქვა.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ – მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, შეამციროს უმუშევრობის დონე და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.

საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება დასაქმების მაძიებლებს, განივითარონ ზრდად ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები. პროგრამის სამიზნე ჯგუფები მოიცავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ქალების, ახალგაზრდების და ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით.

მსგავსი თემები