“ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ ორშაბათიდან დაიწყოს აცრები Sinopharm-ით” – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ხვალიდან ვაქცინაციაზე ჯავშნები გაიხსნება. მისი თქმით, ორშაბათიდან ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება ვაქცინაციის დაწყებისთვის. 

მისი თქმით, მთავარი სამიზნეა, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს და ვაქცინირებული პირების რიცხვი ქვეყანაში გაიზარდოს. თუკი ეს განხორციელდა, ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბრისთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილი იქნება. 

“ორშაბათს დილისთვის, ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება უკვე ხვალ საღამოს ვაქცინების შესაბამისი დოზები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მომარაგება მოხდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. ისე, რომ კვირა დღის მეორე ნახევარში, ანუ დღის ბოლომდე, ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ ორშაბათიდან დაიწყოს აცრები Sinopharm-ით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით, როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან მიმართებაში. რამდენიმე დღის შემდგომ დაემატება და გაფართოვდება Sinovac-ით და ასევე, გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა, პირველი აცრიდან AstraZeneca-თი. ამ დღეებში შემოვა AstraZeneca-ს დამატებითი დოზები ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, ვინც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება შესაბამისად აცრილი და შემდგომ უკვე, როცა შემოვა ძირითადი დოზა AstraZeneca-სი, ყველა ადამიანი ვისაც მეორე დოზა დასჭირდება, იქნება აცრილი.“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი თემები