მასობრივ ვაქცინაციაში 350 ბრიგადა ჩაერთვება

„ორშაბათიდან ვიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს, თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა გადამწყვეტია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ ორშაბათიდან დაიწყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

„ქალბატონი ტიკარაძის ხელმძღვანელობით, მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული. ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან და მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ იმისთვის, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენი მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე როგორც ჩვენ პანდემიის დასაწყისში მოვიქეცით და ვაჩვენეთ მართლაც უმაღლესი პასუხისმგებლობის დონე.

ახლა, ამ პროცესში, ვაქცინაციის პროცესში არის გადამწყვეტი სწორედ ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა. ჩვენ ერთის მხრივ, უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო მყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა. ჩვენი მშობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების, კოლეგების- ყველას მიმართ, ვინც ჩვენ გარშემო დგას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციაში 350 ბრიგადა ჩაერთვება.

„ორშაბათიდან, ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას. დაახლოებით 350 ბრიგადა, რომელიც არის დაკომპლექტებული ექიმებით, შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლებიან და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით ვმართავთ. ჩვენი გათვლებით, დღეში, დაახლოებით, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები