თათბირი დედის გინებით და ქალების შეურაცხყოფით – დისკრიმინაცია „თელასის“ მაღალჩინოსნის მხრიდან

„თელასის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან თანამშრომლებიც მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა სახალხო დამცველმაც დაადასტურა. საუბარია ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და შეურაცხყოფით ქალი თანამშრომლების მიმართ გამოირჩევა. არსებობს აუდიო ჩანაწერიც, სადაც „თელასის“ მაღალჩინოსანი საკუთარ თანამშრომლებს თათბირს  ბულინგის ქვეშ უტარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებული ქალის ინტერესების დამცველმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. თუმცა, კონკრეტული გვარ-სახელებისა და აუდიოჩანაწერის გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

როგორც გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, აუდიოჩანაწერი რამდენიმე დღეში, მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან თანხმობას მიიღებს.

„თავს შევიკავებ ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან, რომ იყოს კონფიდენციალურობა დაცული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მივმართე თითქმის ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება და ვისაც რეაგირება უნდა მოეხდინა.  მათ შორის, ორგანიზაცია „საფარს“, ბაია პატარაიას, თუმცა, არანაირი რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მხრიდან არ ყოფილა“ – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, მან საკითხი სრულფასოვნად შეისწავლა და დისკრიმინაციაც დაადგინა.  

„სწორედ მისი მხრიდან მოხდა ფაქტზე რეაგირება და ხელთ გვაქვს დოკუმენტი, სადაც საუბარია დისკრიმინაციაზე. მიუხედავად ამისა, „თელასის“ მხრიდან, ამ კონკრეტულ პირის მიმართა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ის დღესაც აგრძელებს კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობას და იგივე ფორმით, როგორც ადრე. საუბარია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაზე – შორომითი ხასიათის  დისკრიმინაციაზე, სექსუალური ხასიათის, ფსიქოლოგიური. არსებობს შესაბამისი ჩანაწერი თუ როგორ ატარებს ეს ადამიანი თათბირს დედის გინებით და ქალების მიმართ უხამსი გამონათქვამებით: „შენი ტირილი არავის აინტერესებს“…. „წაკუზულებმა უნდა იაროთ“… და ასე შემდეგ. დღეს ამ ჩანაწერის გასაჯაროებისგან თავს ვიკავებ, თუმცა, უახლოეს პერიოდში, თქვენ მას ყველანი მოისმენთ. მოვა ამისი გასაჯაროების დრო“ – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“  

მისივე ინფორმაციით, ამ კონკრეტული დეპარტამენტის უფროსის მხრიდან, ეს არის ურთიერთობის ფორმა ქალ თანამშრომლებთან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი თავის და უფლებების დაცვა. როცა მან მიმართა ხელმძღვანელობას და სასამართლოს, იმის ნაცვლად რომ აღეკვეთათ ეს ძალადობა, ეს ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როცა მივმართეთ სასამართლოს „თელასმა“ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  სამსახურიდან მაშინვე აღადგინა. სახალახო დამცველმაც მიმართა „თელასს“, თუმცა,  დამცინავი პასუხი მიიღო, რომ არაფერი ხდება” – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული სამსახურში აღადგინეს, დეპარტამენტის უფროსის მხრიდან იგივე ქმედება გაგრძელდა, რის გამოც, დაზარალებული ქალი იძულებული გახდა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე მიეტოვებინა. განცხადებაში, რომელიც მან სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაწერა, საუბარია მიზეზებზეც, თუმცა, კომპანიას მასზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

ადვოკატის თქმით, სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ მეორე სარჩელიც შევა, სადაც საუბარი იქნება დისკრიმინაციულ ზიანზე. ადვოკატი სარჩელს სს კუთხითაც ამზადებს.

მსგავსი თემები