ადამიანი, ვინც მდინარეში ათასობით პოლიეთილენის ბოთლი ჩაყარა, დაკავებულია

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს. წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს“ – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ მდინარესთან სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცმა ათასობით პლასტიკატის ბოთლი მდინარეში გადაყარა.

მსგავსი თემები