მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ყაზახეთში შეტაკებები გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია ათობით და დაშავებულია 350-მდე ადამიანი. ადგილზე მშვიდობის დასამყარებლად, სამშვიდობო ძალები გაიგზავნა.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2022 წლის 6 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ორგანიზაციის გაერთიანებული „სამშვიდობო ძალები“ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით, სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით გაიგზავნა“ – აცხადებენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოში.
„სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობაში შედიან: სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი დაწესდა.