„ოპოზიცია, რომელმაც ბევრი იწვალა პარლამენტში შესასვლელად, არსად გამსვლელი არ არის“ – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ისინი არსად გამსვლელები არ არიან.

„მართლა გჯერათ, რომ ოპოზიცია სადმე გავა? ამდენი იწვალეს აქ რომ შემოსულიყვნენ,  ახლა ბედნიერები არიან, რომ აქ სკამები დაიკავეს. არსად გამსვლელები არ არიან და თუ გავლენ, ისევ მალევე შემოვლენ, იმაზე უფრო ადრე ვიდრე აქამდე, როდესაც ექვსი თვე მოანდომეს პარლამენტის გარშემო სიარულს. პოპულისტური განცხადებებია. მამუკა ხაზარაძეს, არ მგონია, დაეჯერებოდეს რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში მარტო დარჩება.  

ერთ-ერთი, ვინც პარლამენტში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, „ლელო საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძეა.

მსგავსი თემები