სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დაკავებულია 3 ადამიანი. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი თამაზ შოშიტაშვილი.
დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტს ედავებიან. შოშიტაშვილთან ერთად დაკავებულია ვაჟა ნიაური და გივი ბაქრაძე.
„გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას. აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.
ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200 ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. ატკატის სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდ. მეწარმესთან და შესაბამისად არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს.
გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი და მათ მიმართ ტარდება სათანადო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.