„დიდი ინსტიტუცია ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის“ – მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

  •  

საპატრიარქოში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით გამართული გაფართოებული შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, ქვეყნისთვის მსგავსი დიდი ინსტიტუციების არსებობა პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„ქვეყანაში გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, გვაქვს ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე და ალტერნატიული ზრუნვის ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამაზე ვისაუბრეთ არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად დიდი ინსტიტუციების და დიდი ბავშვთა სახლების კონტექსტში. შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული“ – განაცხადა თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ბავშვების ოჯახში დაბრუნება უნდა წახალისდეს.

„ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათი საუკეთესო ინტერესის გამოვლენა, მათი ოჯახში დაბრუნება და ინტეგრაცია იყოს წახალისებული, მათ შორის ნინოწმინდაშიც“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები