„პანსიონის საჭიროება არ არსებობს“ – თამარ ბარკალაია ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სოციალური მუშაკები მუშაობენ და ბავშვების მდგომარეობას აფასებენ. როგორც საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პანსიონის არსებობის საჭიროება არ არსებობს.   

„ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე. ამ ეტაპზე, 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს. გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება“ – განაცხადა თამარ ბარკალაიმ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, პანსიონატში არიან ბავშვები, რომელთა უცებ გამოყვანა გამართლებული არ არის, რადგანაც იქაურობას არიან მიჯაჭვულები.  

„არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა იქაურ მზრუნველებთან, აღიქვამენ მათ, როგორც მშობლებს, ამიტომ მათი მყისიერი გამოგლეჯვა ეწინააღმდეგება მათ ინტერესს, ამიტომ ვმუშაობთ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და გაგვყავს ოჯახებში. ვადები ძალიან რთულია დავასახელო, რადგან სრულად არ არის შეფასებული ყველა ბავშვის საჭიროება ისევე, როგორც მათი ალტერნატიული ზრუნვა. ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების გამოყენება“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს საპატრიარქოში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მონაწილეობდა.

მსგავსი თემები