მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს

მარნეულში 31 წლის მამაკაცმა მისივე ახლობელი, 23 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობაში ბრალდებული პირი ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდა, მკვლელობას კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს – 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები