შს მინისტრი ერთ-ერთ პრობლემად გამომძიებლის პროკურორზე დამოკიდებულებას ასახელებს

  •  

“შსს-ს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულადაა დამოკიდებული პროკურორზე. ეს არის  პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ.  რეფორმების მიზანი არ არის  სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა  ხარისხის გაუმჯობესება“ – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმასთან“ დაკავშირებულ კონფერენციაზე გააკეთა და რეფორმის დაწყება დააანონსა.

მინისტრის თქმით, იწყება კრიმინალური პოლიციის რეფორმა,  რომელიც სამინისტროში მიმდინარე „სისტემური განახლების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა,

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნა მოხდება. რეფორმის მთავარი მიზანი კი გამოძიების ხარისხის გაზრდაა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რადგან, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შსს-ს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულადაა დამოკიდებული პროკურორზე. ეს არის ფაქტობრივად, ერთობლივი პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ, რამეთუ შეუძლებელია პასუხისმგებლობის, კომპეტენციის ზრდა, იქ სადაც უფლებამოსილებების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი. დღეს, როდესაც ამ რეფორმებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც როგორც პრაქტიკულ, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ“ , – აღნიშნა მინისტრმა კონფერენციაზე.

მისივე განცხადებით,  სამინისტრომ გამომძიებელთა კვალიფიკაცია შეაფასა და შედეგების შესაბამისად, გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდულიც შემუშავდა. ასევე, მზადაა გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, რომლითაც გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები გაიზარდა და სამსახურში მიღების ახალი წესიც დამტკიცდა.

 

მსგავსი თემები