“ივანიშვილი აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა კი შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის.

“ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, მე ასე ვიტყოდი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ეს ერთი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, იგი გახვეულია კორუფციულ სკანდალებში და რასაც ის აკეთებს ყველაფერი არის დადგმული შოუ.

“ჯერ ერთი, მინდა შევახსენო ყველას, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, მას დღეს, თუ ხვალ გააგდებენ ალბათ და თქვენ ნახეთ ის კორუფციული სკანდალები, რომლებშიც იგი გაეხვა. მისი კორუფციული გუნდის ჩართულობით ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს დევნა მისი გუნდის წევრების, ეს ერთი. მეორე – ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ, რასაც იგი აკეთებდა აქ, იგივე უარესობას აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში და მესამე – სააკაშვილმა თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რაზე მესაუბრებით საერთოდ, ეს საუბარი დავასრულოთ,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა – მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები