“მოლაპარაკებებზე დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია” – ალეკო ელისაშვილი

დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მოლაპარაკების პროცესში მხარეები მსჯელობდნენ თუ არა საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე ეს საკითხი განიხილებოდა.

„ეს საკითხი იდგა მოლაპარაკების მაგიდაზე, ოღონდ ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგებს. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს თანამდებობებით ვაჭრობა, მაგრამ ამას სათაური ჰქონდა – „პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება“. დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია. კომიტეტის თავმჯდომარეობა ნიშნავს უფრო მეტ რესურსს, უფრო მეტ შესაძლებლობას. ამაზე იყო მსჯელობა. „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამაზე იმსჯელებდა, დიდად არ მოსწონდათ ეს იდეა, მაგრამ ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ, ამაზე ემსჯელათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდი პროტესტის ნიშნად დატოვა, განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი შეეხებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობების განაწილებას.

მსგავსი თემები