საპარლამენტო დელეგაცია კორეიდან მნიშვნელოვანი გზავნილით დაბრუნდა

“კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული” –  აღნიშნული გზავნილით დაბრუნდა სეულიდან საქართველოსა და  კორეის რესპუბლიკის პარლამენტთა შორის მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია  შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით.

ვიზიტი  კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან ლი ჯუ-იონგთან შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იუ სინგ-ჰისა და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, იუნ კვან-სუკს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

როგორც შოთა ხაბარელმა „მთავართან“ საუბრისას აღინიშნა, მზაობა არსებობს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უმაღლესი თანამდებობის პირების გაცვლით ვიზიტები გახშირდეს.

„მნიშვნელოვანი იყო კორეის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კანგ სოკ-ჰოსთან შეხვედრა. ვისაუბრეთ ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე, საერთაშორისო საკითხებზე. ასევე, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობაზე მუშაობის დაწყებას გულისხმობს“ – აღნიშნა ხაბარელმა.

დეპუტატის ინფორმაციით, დელეგაცია  სეულიდან მნიშვნელოვანი გზავნილით დაბრუნდა და ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. „ კომიტეტის თავმჯდომარემ, კანგ სოკ-ჰომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული.“

შეხვედრის ფარგლებში,  საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობასაც შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნებს შორის მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

საქართველო – კორეის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა კორეელ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო . ისაუბრეს ქვეყნის გეო – სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობაზე და ბიზნეს – წარმოებისათვის შექმნილი ხელსაყრელი გარემოების შესახებ.

 

მსგავსი თემები