ენმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

კიდევ ერთი მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად – ენმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ავტომობილებით რუსთავის ციხის მიმართულებით დაიძრნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, საუბარია ნიკა მელიასა და ასევე გიორგი რურუაზე.

“ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური ოჯახი არის მთავარი დამნაშავე. დღეს საქართველოში თუ რამე ცუდი ხდება ქვეყნისა და ხალხის საზიანოდ – ეს ადამიანი და მისი ოჯახი არის ამაში დამნაშავე,“ – აცხადებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის და შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

“პოლიტიკური კრიზისის დაძლევის და შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ ის არის, რომ საპყრობილეები უნდა დატოვონ პოლიტპატიმრებმა და უპირველეს ყოვლისა, აქ საუბარია რა თქმა უნდა ნიკა მელიაზე და გიორგი რურუაზე, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის მძევლები და რომლითაც ცდილობს, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ივაჭროს არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი თემები