“მეორე მხრიდან ამ დეტალებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება” – მამუკა მდინარაძე მოლაპარაკებებზე

მაშინ როცა მმართველი გუნდი, სამი დღე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ რაღაც დეტალებზე ვერ ელაპარაკება, რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან ასეთი პირობაა დადებული, მეორე მხრიდან სამწუხაროდ, ვხედავთ არათუ დეტალების გახმაურებას, არამედ ამ დეტალების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა დეტალები გახდება ცნობილი და გაირკვევა ვინ რა წინადადებას აყენებდა.

„ჯერ ხომ ცუდია, როცა ამბობ იმას, რაზეც თქვით, რომ არ მოვყვები გარეთ, იმიტომ, რომ პროცესი არ დავაზიანო, ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ვხედავთ არათუ დეტალების მოყოლას, არამედ ამ დეტალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, შეგნებულად. მგონი ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ და გამოჩნდება ვინ იყო მართალი, ვინ რა წინადადებას აყენებდა. უბრალოდ კიდევ ვერ ვლაპარაკობთ და ბოდიში საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ამ ინფორმაციულ ვაკუუმში ამ არასწორ ინფორმაციას იღებს. ჩვენ სამართლიანი პირობებიდან არ გავდივართ არსად, პირობა რომ არ დავარღვიოთ.

ამ მართლა რთულ პერიოდში, ტყუილების ლაპარაკზე კი არ არის საუბარი, მოცემულობა და კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. ამის მიუხედავად ჩვენთან, შიგნით ვერა და ვერ დარწმუნდა ბევრი პოლიტიკოსი, რომ ამ პანდემიისგან მიყენებული უმძიმესი ზიანის ფონზე, ამ ეკონომიკური და სოციალური მძიმე პრობლემების ფონზე, ამ უმუშევრობის ფონზე კიდევ უფრო მეტი პასუხისმგბელობა გვმართებს. დეტალების გამჟღავნება და სიცრუის საუბარი კი არა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ხვალ და ზეგ ხომ გაირკვევა, რომ ჩვენი მხრიდან კეთდებოდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, მეორე მხრიდან რა მივიღეთ? პასუხი ხომ უნდა გაეცეს რამდენიმე დღის შემდეგ?! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთო ინტერესის დასაცავად და არა პარტიული ინტერესის დასაცავად, იმავეს ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებსაც. იმედია მათშიც აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები