“თუ მხარეები დროზე ვერ გადაწყვეტენ პრობლემებს, ათწლეულებში თაობები აუცილებლად იკითხავენ რატომ გაუშვა ხელიდან ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების შანსი” – ანდრიუს კუბილიუსი

თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს ბრიუსელში ყურადღებით აკვირდებიან. ბრიუსელში აქვთ მოლოდინი, რომ სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტული გეგმით ჩავა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას განმუხტავს.

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ თუ პარტიები ამ შანსს ვერ გამოიყენებენ, ვეღარავის დააბრალებენ რამეს საკუთარი თავის გარდა.

“ევროპარლამენტარების ნაწილმა წერილი შარლ მიშელს სწორედ იმიტომ გავუგზავნეთ, რომ
ვიცოდით, მისი ჩართულობა გავლენას მოახდენდა პოლიტიკურ პროცესზე. მისი გადაწყვეტილებაც, რომ კრისტიან დანიელსონი, ამ რანგის დიპლომატი ჩაერთო ამ საქმეში, უდიდესი მნიშვნელობის იყო.

ახლა ისმის კითხვა, იაზრებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები საქართველოში იმას, რომ ეს არის უმაღლესი დონის ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან, თუ პარტიები ამ შანსს ვერ გამოიყენებენ, ვეღარავის დააბრალებენ რამეს საკუთარი თავის გარდა.

მმართველი გუნდისგან და ოპოზიციისგან ველი იმის გააზრებას, რომ ორივე მხარეს აქვს ძალიან ნათელი ისტორიული პასუხისმგებლობა, რომ არ დააზიანონ ქვეყნის პერსპექტივა ევროკავშირში და ნატოშიც გაწევრიანების თვალსაზრისით. რადგან, ქვეყნის წინაშე მართლაც ბევრი ახალი შესაძლებლობაა. საქართველო ამ დრომდე ევროინტეგრაციის კუთხით მართლაც მოწინავე იყო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის. თუმცა, ამ პოლიტიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ დემოკრატია ჯერ არაა საკმარისად მომწიფებული – ეს კი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ქვეყნის პერსპექტივაზე. ამიტომაც, მოვუწოდებ ორივე მხარის ლიდერებს, რომ თუ დროზე ვერ გადაწყვეტენ ამ პრობლემებს, მომავალი ათწლეულებში თაობები აუცილებლად იკითხავს, რატომ გაუშვა ხელიდან ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების ასეთი ისტორიული შანსი,”- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსი.

მსგავსი თემები