ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, სულიკო საყევარაშვილმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა ხელი.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული სამივე პირის – სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილისა და ვაჟა გიგაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი არსებობს.
პროკურორის თქმითვე, ბრალდებულებს არაერთხელ გადაუკვეთავთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ასევე, პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, რომ ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი მხოლოდ იმის გამო წარმოიშვა, რომ დაზარალებული ვახტანგ სანაია იყო და წარმოადგენდა “ფორმულას” ჟურნალისტს.
სახელმწიფო ბრალმდებლის თქმითვე, სანაიას აყენებდნენ არამხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფას და მიუხედავად იმისა, რომ სანაიას თანმხლები პირები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, ბრალდებულები ავტომობილში მყოფი დაზარალებულისთვის კვლავ ცდილობდნენ დაზიანების მიყენებას. პროკურორის თქმითვე, სულიკო საყევარაშვილმა ქალსაც კი დაარტყა ხელი.
სახელმწიფო ბრალმდებელი საკუთარ შუამდგომლობაში ასევე აღნიშნავდა, რომ ბრალდებულები პანდემიის პირობებში, როცა 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეზღუდულია, ისინი ღამის საათებში – 02:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მოძრაობდენენ ქუჩაში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არ არიან.
ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაოს სთავაზობენ.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.