„ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, ყველაზე დიდ თავყრილობებზე, ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა განაწილების შესახებ. დაახლოებით 130 ქვეყანაა, სადაც ჯერ არ დაწყებულა ვაქცინაცია“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 209 მლნ ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში და ამ ტემპით, როგორი ტემპითაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში, გათვლილია, რომ დასჭირდება 5 წელი, რათა მოცვა 75%-ზე ავიდეს და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ძალიან ბევრია.
„ძალიან ძლიერი ქვეყნები, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, გეგმავს, რომ დაამთავროს ვაქცინაცია. ახლა 200 მლნ დოზა დამატებით შეისყიდა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ცდილობენ, რომ დაამთავრონ ის ივლისის ბოლოს. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 2-ჯერადი დოზით, აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანას, გიბრალტარს 37%, შემდეგ მოდის ისრაელი 34 %-ით, მე-3 სეიშელი – 22%-ით, მე-4-ზეა სერბეთი – 7 %-ით, მე-5-ზე შტატები – 5.9%-ით და შემდეგ მოდის მალტა – 4,2%-ით.
რაც შეეხება აბსოლუტურ ციფრში, თუ ვის რამდენი ჰყავს აცრილი, ყველაზე მეტი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში – 64 მლნ, შემდეგ მოდის ჩინეთი – 40 მლნ, გაერთანებული სამეფო – 18 მლნ და შემდეგ ინდოეთმა გადმოინაცვლა – 11მლნ, შემდეგ არის ისრაელი, რომელსაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი – 82 ადამიანი ერთი აცრით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საჭიროა 2 აცრა გარკვეული დროის გამოტოვებით, რათა მყარი იმუნიტეტი შეიქმნას“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.