სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს – 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.