ეკა გულუა
„ ტემპს არ დავაგდებ. ვაკეთებთ იმას, რაც საქმისთვის, მუნიციპალიტეტისა და ხალხისთვის უკეთესია. ასეთია ჩემი მიდგომა“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ახალდანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს მცხეთა მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძეს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე რიგით 95-ე გუბერნატორია.
პრემიერ-მინისტრის მთავარი დავალება – მაქსიმალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გუბერნატორის მხრიდან აქტიურია. შესაბამისად, რას ითხოვს ხალხი და როგორია გუბერნატორის გეგმები, შალვა კერესელიძე „მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
შალვა კერესელიძე: დაგეთანხმებით, რომ პრემიერის უმთავრესი დავალება იყო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე, უმაღლესი დონის წესრიგი და დისციპლინა. ამას მე ვეთანხმები, რადგანაც, თუ არ იქნა დისციპლინა და წესრიგი, ყველა სხვა დანარჩენ საჭიროებაზე, ამბიციაზე, პროექტზე, პროგრამასა თუ დავალებაზე საუბარი ზედმეტია. ყველაფერი იწყება წესრიგიდან. სწორედ ამიტომ, ამ კუთხით, ჩემი მთავარი მიზანია, სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან დავიწყოთ და თითოეულმა თანამშრომელმა კარგად გაითავისოს, რომ სამსახურებრივი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება უმთავრესი მიზანია. ყველა საჯარო მოხელე სახელმწიფოებრივად უნდა ფიქრობდეს.
„მთავარი:“ რაც შეეხება მთავარ კითხვას – რა უჭირს მოსახლეობას თქვენს მუნიციპალიტეტში?
შ.კ: როგორც კი დავინიშნე და გავეცანი თანამშრომლებს, გადავწყვიტე, გავსულიყავი მოსახლეობაში და მომესმინა მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები ჩემთვის ცნობილი იყო, რადგანაც ჩემი ბოლო პოზიციიდან გამომდინარე, აქტიური კომუნიკაცია მქონდა ხალხთან, კერძოდ ფერმერებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. როცა რაღაცას ვგეგმავთ და ვაკეთებთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ეს უნდა თუ არა ხალხს და უნდა გავაკეთოთ ის, რაც მოსახლეობას სურს და იმ პრობლემას გადაუწყვეტს, რაც მათ აწუხებთ.
მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით გვინდა, რომ სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები დამყარებული და დაფუძნებული იყოს მათ საჭიროებებზე. ამ ტემპს არ დავაგდებ. პირიქით, დიდი სურვილი მაქვს, ყველა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შევიდე. მომავალი წლის პრიორიტეტებიც ამის მიხედვით განისაზღვრება.
„მთავარი:“ იმ შეხვედრებიდან, რაც ამ დრომდე მოასწარით, შეგიძლიათ, პრობლემების ძირითადი ხუთეული დაგვისახელოთ?
შ.კ: პირველ ადგილზე დგას დასაქმების პრობლემა. რეალურად, ყველას აქვს სურვილი და მონდომება, რომ სამუშაო ნახოს. ამ კუთხით საკმაოდ ბევრი სახელმწიფო მიზნობრივი პროექტები ხორციელდება, მაგალითად, სოფლის მეურნეობის კუთხით – „აწარმოე საქართველოში“. დამატებით, ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით შევიმუშავოთ საინტერესო მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მთასა და ბარში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც მცირე ფერმერული მეურნეობები გააჩნია, შესაძლებლობა მიეცეთ, ჩაერთონ პროგრამაში, შექმნან დოვლათი, მიიღონ შემოსავალი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მათ კეთილდღეობაზე აისახოს. თუმცა, ძალიან ბევრი, ამ ყველაფრისგან თავს იკავებს და ამჯობინებს, სოციალური დახმარება მიიღოს და ამ მიმართულებით არ იაქტიუროს. სახელმწიფომ რაც არ უნდა კარგი პროექტი და წინადადება შესთავაზოს მოსახლეობას, თუ არ აგვყვნენ, არაფერი გამოვა. ამ კუთხით სამუშაო ბევრია.
„მთავარი:“ მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მორატორიუმია, რომელის ქალაქს დაპაუზებულ მდგომარეობაში ამყოფებს. გენერალური გეგმის შემუშავება ამ დრომდე ვერ დასრულდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მაჟორიტარმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდანაც კი მიმართა. რას აპირებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
შ.კ: ამ თემასთან დაკავშირებით მაჟორიტარ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს შევხვდი. ასევე, ვისაუბრე მუნიციპალიტეტის მერთად და პრობლემა ჩემთვის ცნობილია. მათ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვთ გადადგმული ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა, ამ ეტაპამდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დეტალურად ჩავერთვები და რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რომ არც კანონი დაირღვეს და მოსახლეობასაც შესაძლებლობა ჰქონდეს, შეზღუდვებისა და ბარიერებისგან გათავისუფლდეს. პრობლემას სიღრმისეულად არ ვიცნობ, თუმცა, ვფიქრობ, ალბათ, უნდა შეიქმნას კომისია, შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი და სპეციალისტებმა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
„მთავარი:“ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი წლის ბოლომდე მოგვარდება?
შ.კ: უნდა შევეცადოთ, რომ მოგვარდეს. ამ თემაზე დეპუტატსა და მუნიციპალიტეტის მერს კიდევ ერთხელ შევხვდები და ერთობლივი, შეჯერებული პოზიციით წავალთ შესაბამის უწყებაში.
„მთავარი:“ სტრუქტურული ხელმძღვანელის ცვლილება მიბმულია საკადრო ცვლილებებთან. ყოველ შემთხვევაში, თუ მასშტაბურად არა, მოადგილეების დონეზე მაინც. ამ კუთხით რა გეგმები აქვს ახალ გუბერნატორს?
შ.კ: ჯერჯერობით ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს.
„მთავარი:“ მოადგილეების დონეზე, გუბერნიაში იქნება თუ არა გათვალისწინებული მუნიციპალური წარმომადგენლობის პრინციპი?
შ.კ: რეალურად რომ გადავხედოთ არსებულ ვითარებას, აქ არიან თანამშრომლები დუშეთიდან, თიანეთიდან, ყაზბეგიდან, თბილისიდან. მუნიციპალური პრინციპი მეტ-ნაკლებად დაცულია. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიციები მკვეთრად ჩამოყალიბებული არ მაქვს. მთავარი პრიორიტეტია, თანამშრომელი იყოს კვალიფიციური და პასუხისმგებლობის მქონე.
„მთავარი:“ მთის მოსახლეობასთან თუ გქონიათ შეხვერდა რაც ამ პოზიციაზე დაინიშნეთ და სპეციფიკური ტიპის საჭიროებები თუ გამოიკვეთა?
შ.კ: დიახ, მთაშიც მქონდა შეხვედრა, ვიყავი ყაზბეგში. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა. მთა პირადად ჩემი დიდი გულისტკივილია. კარგად ვიცნობ მთის პრობლემებს, მოსახლეობის ხასიათს. მთამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო და მიგრაციაც საკმაოდ მაღალია. სამწუხაროდ, ამით ქვეყანამ ძალიან ბევრი დაკარგა. ის კანონი, რაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრი სიკეთეა მთის მოსახლეობისთვის, თუმცა, ეს კანონი უფრო მოქნილი რომ იყოს, პარალელურ რეჟიმში, საჭიროა მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. საჭიროა მაღალმთიანი სოფლების განვითარება კომპლექსური მიდგომით. დაანონსდა, რომ მაღალმთიანი სოფლების იტერნეტიზაციაც მოხდება.
„მთავარი:“ როგორც აღნიშნეთ, ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებით მოსახლეობას და მათ პრობლემებს ეცნობით. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია, არსებული საჭიროებები თავს იყრის ერთად. ამის შემდეგი, ქმედითი ნაბიჯი რა იქნება?
შ.კ: იცით, რომ მიმდინარე წლის პროექტები და პროგრამები უკვე გაწერილია და ვერაფერი შეიცვლება. 2019 წლის პროექტები და პროგრამები კი შესადგენი და წარსადგენია. სწორედ ამ, დაგროვილ პრობლემებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, შევჯერდები, რა უნდა გავაკეთოთ მომავალ წელს. ვაკეთებთ იმას, რაც საქმისთვის, მუნიციპალიტეტისა და ხალხისთვის უკეთესია. ასეთია ჩემი მიდგომა.
დავამატებ, რომ ჩემი მთავარი ხედვაა მაღალმთიანი სოფლები, მეორე პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, მესამე- სოფლის მეურნეობა, მეოთხე – ტურიზმი, მეხუთე – განათლება, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლება და სპორტი. ეს უკანასკნელი რეალურად უნდა განვავითაროთ. ჯანსაღი ცხვრების წესის დამკვიდრება ახალგაზარდებში მნიშვნელოვანია, ქვეყანას რაც მეტი ჯანსაღი თაობა ეყოლება, წინ წავა. მეორე – 21-ე საუკუნის სენის, ნარკომანიის წინააღმდეგ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია. რაც მეტი ახალგაზრდა იქნება სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით დატვირთული, ნაკლებად მოუვათ თავში დამახინჯებული წესით იცხოვრონ.