პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვინაიდან ხელისუფლების მიზანია, სხვადასხვა სექტორთან და სფეროს პროფესიონალებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას ასევე გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე,  იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.

მსგავსი თემები