25 000 დოზა ფრანგული წარმოების ვაქცინა უკვე შემოვიდა – ვის შეეხება უფასო აცრა?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე შემოვიდა, ოქტომბრის ბოლოს კი 110 ათასი დოზას ელოდებიან.

„შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო „ოთხვალენტიანი“ ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კატეგორიას, თუ ვინ ითვლება მაღალ რისკ-ჯგუფად და ვის შეეხება უფასო აცრა, ამირან გამყრელიძემ ასე განმარტა: „ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების – ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ავადმყოფები, ვინც იმყოფებიან მკურნალობაზე, ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც გადიან მკურნალობას და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები – ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები,“ – აღნიშნა ამირან  გამყრელიძემ.

მსგავსი თემები