„ახლა, რაც ხდება აჟიოტაჟი, ბრალდებები და ამ თემის წამოწევა, ეს ყველაფერი პროცესს ზიანს აყენებს“ – ივერი მელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მეორე მხარესთან, რომ დაჯდება ეს ახალი კომისია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ ფრთხილად, ესაა სენსიტიური თემა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრმა, ივერი მელაშვილმა განაცხადა.

მელაშვილი იმ პროცედურებზე საუბრობს, რაც მისივე ინფორმაციით, განცხადებების გაკეთებამდე მხარეებმა უნდა გაიარონ. მისივე მოსაზრებით, აჟიოტაჟი ზიანს აყენებს პროცესებს:

„საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66% შეთანხმებულია, ოღონდ ეს გაკეთებულია კომისიების დონეზე. სახელმწიფოებს შორის შეთანხმება სხვა თემაა, ეს რთული სამართლებრივი პროცედურაა. უნდა გამოყონ უფლებამოსილი პირები ხელმოსაწერად. ასევე, საჭიროა პარლამენტების მიერ რატიფიცირება და კიდევ სხვა დეტალები როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად. ამ 66%-ში არ შედის დავით გარეჯის ქედი, რის გამოც პროკურატურაში დამიბარეს. ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია კომისიებს შორისაც იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჯერჯერობთი ვერ შევათანხმეთ და თუ ასეთი ბატალიები გაგრძელდება, სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს შევათანხმებთ” – განაცხადა მელაშვილმა “მედიაცენტრ მტავარში”.

მისივე შეფასებით, საკითხის დარეგულირება და შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ კომპრომისებით.

“საზღვარი ეს ის თემაა, რომელიც ყველას ეხება მთავრობასაც და ნებისმიერ მოქალაქესაც, უბრალოდ ეს კომისია მუშაობს დოკუმენტებზე დაყრდნობით. რაც შეეხება საკითხის შეთანხმებას, როგორ უნდა შეთანხმდეს მხოლოდ და მხოლოდ კომპრომისების, თანმიმდევრული მიდგომით. ამ სიტუაციაში ქვეყანა უნდა ვიყოთ ერთი. ახლა რაც ხდება, აჟიოტაჟი, ბრალდებები და ამ თემის წამოწევა, ეს ყველაფერი პროცესს ზიანს აყენებს. მეორე მხარესთან, რომ დაჯდება ეს ახალი კომისია მიმდინარე პროცესთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, ესაა სენსიტიური თემა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის, რაც დაიწყო ეს პროცესი აჟიტირებული ბრალდებებით არასწორია. რაც არ არის და არაფერი მომხდარა არაა განგაშის ასატეხი,“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები