“ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით” – გიორგი გახარია

“ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაიზარდოს ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი შეუზღუდავია.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები – პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ – დარჩით სახლში, ახლა ამისთვის სწორი მომენტია. დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშის აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა – მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი სექტორით რომ ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები, რა თქმა უნდა, ჰოსპიტლებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები