შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძე ​დაკითხეს და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს

გიორგი შაქარაშვილის საქმის შვიდსაათიანი სასამართლო განხილვა ერთი მოწმის დაკითხვითა და ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით დასრულდა.

დღევანდელ დახურულ სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა, რომელსაც ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. მან მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა მისი ჩვენება სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა შეაფასეს.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იაკობ ბრეგვაძეს არ შეუძლია კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი ამოცნობა, ის ადასტურებს, რომ 19 ივნისის ღამეს, მაშინ, როდესაც გიორგი შაქარაშვილთან და სხვა პირებთან ერთად ავტომაგისტრალზე იმყოფებოდა, ადგილზე მოვიდა ავტომობილი და ამ ავტომობილიდან გადმოსული პირები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ დაკავებულების ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ იაკობ ბრეგვაძის ეს ჩვენება არ არის მამხილებელი, რადგან მას არ შეუძლია, ამოიცნოს დაკავებულები.

„გამოიკვლიეს მტკიცებულებები და ასევე, როგორც იცით, დაიკითხა იაკობ ბრეგვაძე. ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებას ადგილი არ ჰქონდა. ამ ჩანაწერებიდან ასევე დადასტურდა, რომ „მერსედესისა“ და „ქამრის“ ავტომობილები ცალ-ცალკე მოძრაობდნენ. რაც შეეხება იაკობის ჩვენებას, არათუ უტყუარი, არათანმიმდევრულიც იყო“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა.

მსგავსი თემები