ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება

აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიუხედავად მაღალი ინფიცირების მაჩვენებლისა, რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

რიჟვაძის თქმით, ინფიცირებულებისთვის მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლფონდი. 

“დღეს აჭარაში დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირების 109 შემთხვევა. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, კონტროლზეა, შესაბამისად, როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის ამ მზარდი რისკების ფონზე სრულად და ეფექტურად მართოს ეს პროცესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ბათუმი არის ყველაზე საყურადღებო. თუმცა ძალიან სწრაფად ხდება გამოვლენა.

ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება უსწრაფესად. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი სრულად მოვამზადეთ და ის, რომ ჩვენ პირველი ტალღის დროს ამ გლობალური გამოწვევის პირისპირ შევარჩიეთ შეკავების მეთოდი, ამან მოგვცა საშუალება, სრულად მოგვემზადებინა სამედიცინო და ჯანდაცვის სექტორი. შესაბამისად, დღეს უკვე ბათუმში მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლფონდი. ამავე დროს ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლები და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ე.წ. კოვიდ სასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკომპლექტეთ 400 ნომერზე მეტი,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება.

“დღეს უკვე ჩაერთო კოვიდ მართვაში რამდენიმე დაწესებულება, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში. ამავე  დროს პაციენტების ისეთ მიზნობრივ ჯგუფებზე, როგორიცაა ფეხმძიმე ქალები, მათთან მიმართებაში სამშობიარო საავადმყოფო სრულად არის მზადყოფნაში.

გამოვლენილი 109 შემთხვევიდან ჩვენ დაგვიფიქსირდა ინფიცირება მაღალმთიანი აჭარის რესურსცენტრში, შესაბამისად, დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი სწავლა გადაიდება, როგორც ხულოში, ასევე შუახევში და ქედაში. დისტანციურად დაიწყება უკვე სწავლა ხვალიდან. განათლების სამინისტრო მუშაობს და მათ აქვთ დავალებული, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს ტექნიკური და ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები,” – აღნიშნა აჭარის რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები