სოფელ მატანში სასწავლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანაში შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან აღარ განახლდება და ის გაურკვეველო ვადით გადაიდო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვირუსი სოფელ მატნის საჯარო სკოლის პედაგოგს აღმოჩნდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება დროულად მიიღო.

„დაინფიცირებულის პედაგოგის ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის” – ამბობს ხიზანიშვილი.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონში სამი კლასტერი გამოიკვეთა და ყველა ლოკაციაზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს.

„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ახლოკონტაქტებიდან 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დროულად მოხდა ეპიკვლევა, შესაბამისად, ლაგოდეხში ვირუსის ფართო გავრცელებას არ ველოდებით. ე.წ ველისციხის კლასტერიდან 35 ნიმუში გაიგზავნა და ლაბორატორიულად ოჯახის 5 წევრს ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაუდასტურდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. ამ შემთხვევაში წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. მატანში სულ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის COVID-19 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს დაუდასტურდათ“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მსგავსი თემები