გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში დღეს გიორგი ქათამაძესთან ერთად მარიამ ხატისკაციც დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოში ოქროს მოწმე დაიკითხება. გიორგი ქათამაძესთან ერთად დღესვე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები მოსამართლესთან ერთად მოისმენენ მარიამ ხატისკაცის ვერსიას, რა მოხდა 18 ივნისს მცხეთაში.

სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში იწყება, სასამართლოში ახლახან მივიდა საქმის ოქროს მოწმე გიორგი ქათამაძე, რომელსაც მერსედესის მგზავრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გიორგი ქათამაძეს ამაზე საუბარი უჭირს, რადგან ჩვენებებით ირკვევა, რომ 18 ივნისს მან პირველივე დარტყმის დროს გონება დაკარგა.

არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს გიორგი ქათამაძისთვის დაზიანებები არ მიუყენებიათ.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ დღეს რომელი მოწმეები დაიკითხებიან ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

არსებითი განხილვის ფარგლებში დაახლოებით 20 მოწმეა დაკითხული. დღეს სასამართლო გიორგი ქათამაძეს, მარიამ ხატისკაცს და იმ პირებს მოუსმენს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო.

ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

მსგავსი თემები