“ბავშვებისთვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო, დღეს ვრიცხავთ დაახლოებით 200 000 ბავშვის დახმარებას” – ბექა ლილუაშვილი

  •  

დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200-ლარიან კომპენსაციას, დარეგისტრირდა 857 000 ბავშვის მონაცემი, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო გაცემის პროცედურა და თითოეულ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ, შესაბამის სისტემაში მიუთითა, 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხება.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას. აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამ, ვიდრე სასწავლო პროცესი დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება პრემიერის მიერ გაცემული დავალება, ერთ კვირიან ვადაზე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები. ამასთან, სისტემაში რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები