სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

„ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით.

ზემო სვანეთიდან ტურისტების მიმდებარე რეგიონების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის და ადგილზე გადაკეთებულ საკარანტინო სივრცეებში მათი განთავსების საკითხების დროულ მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები