კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ერთი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი კი გაჩიანს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო გაჩიანს უკავშირდება.

„დაგვემატა მხოლოდ ექვსი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გახლავთ 1137. გამოჯანმრთელდა ორი და გახდა 922. ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია: ოთხი გახლავთ იმპორტირებული, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო არის გაჩიანი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკას ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ამ ეტაპზე ცენტრში 41 ინფიცირებული მკურნალობს.

„ორი მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობა რამდენიმე დღეა, სტაბილურია და დღეს შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები