“280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი” – ნინო თანდილაშვილი

  •  

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი უძღვებოდა, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასა და მათთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს. შესაბამისად, კომიტეტმა  მეორე და მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა გამოიტანა, კერძოდ კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, განიხილა, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტს არსებითი ცვლილება არ განუცდია.

მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილეს ასევე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტებს მეორე მოსმენისთვის არსებითი ცვლილებები არ განუცდია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იქმნება კიდევ ორი ახალი დაცული ტერიტორია – არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნაში დაცული ტერიტორიების ფართობი.

„2012 წლიდან დღემდე, შევქმენით 26 ახალი ტერიტორია, სამი დაცული ტერიტორია გაფართოვდა და ჯამში 280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, რაც დაახლოებით 4%-ია. მანამდე ქვეყნის ტერიტორიის 7% გახლდათ დაცული ტერიტორიების ფართობი და კიდევ დამატებით დაახლოებით 4,15%-ით გაიზარდა. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა და, თავის მხრივ, ეს ახალი დაცული ტერიტორიები, რომელსაც ვქმნით – თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები თავისი მოცულობით და ფართობით არის საკმაოდ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დაცულობის ქვეშ იქნება საქართველოსთვის ლანდშაფტურად გამორჩეული ეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები